ქვიშხეთი განთავსებულია ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიულ ვაკეზე. სამხრეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედი, კერძოდ ღორინამკალის შტოქედი, დასავლეთით სურამის (ანუ ლიხის ქედი), ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით შიდა ქართლის ვაკე. ზღვის დონიდან მდებარეობს დაახლოებით 750 მ-ზე. ქვიშხეთის ჰავა მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ტიპს. ქვიშხეთში მიედინება საქართველოს დედა მდინარე მტკვარი და  მტკვრის მარცხენა შენაკადი მწარე ქვიშხურა. ქვიშხეთში ქრის ქარი, რომლის სახელწოდებაა „თერხვი“, რომელიც დადებითად მოქმედებს ქვიშხეთის კლიმატზე. თავის მხრივ ანეიტრალებს დასავლეთიდან ლიხის ქედზე გადმოსულ ზღვის ზომიერად ნესტიან სუბტროპიკულ ჰავას. 

     ადმინისტრაციული ერთეულში შედიან სოფლები:  ქვიშხეთი, ბეღლითი, ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტაშისკარი, ტეზერი, ყიფიანთუბანი.

ისტორიულად ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრია. აქ აბაშიძეები XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან მკვიდრდებიან. 1744 წელს ქვიშხეთში აბაშიძის ქალზე იქორწინა ერეკლე მეფემ. XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ქვიშხეთში მკვიდრდებიან სუმბათაშვილები.

  სოფელ ქვიშხეთში არის ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორისა და მთარგმნელის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, წნინდანის - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს. 

ქვიშხეთი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. აქ მდებარეობს ქვიშხეთის ცნობილი ციხე თავისი სასახლითა და კარის ეკლესიით, კოშკი (XVII ს),  აღდგომის, მთაწმინდის წმ. გიორგის (ორივე თარიღდება XIX ს-ით), წმ. მარინეს (ორი), ფერიცვალებისა და წმ. ელიას ეკლესიები და კოშკი (გვიანფეოდალური ხანა). 

  ქვიშხეთს სახელი გაუთქვა 1609 წლის 16 ივნისს, ქვიშხეთის მინდვრებში, ე.წ. ნახვეტრებზე,  მომხდარმა ბრძოლამ,  ცნობილმა ტაშისკრის, იგივე ქვიშხეთის ბრძოლის სახელით, რომელშიც  გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით, ქართველთა მცირე ლაშქარმა დაამარცხა ოსმალთა მრავალათასიანი ლაშქარი და აქვე გამართა გამარჯვების აღსანიშნავი ნადიმი.

ქვიშხეთი ცნობილია მევენახეობით. აქაური ღვინო „ქვიშხურა“ განქმულია გემოვნური თვისებებით. 

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 281 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე