სურამის ადმინისტრაციული ერთეული

სურამი მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე,  760 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლიმატური კურორტია, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით, სადაც წარმატებით მკურნალობენ ბავშვებსა და მოზარდებში სასუნთქი ორგანოების არასპეციფიკურ  დაავადებებს. კლიმატი ზომიერად ნოტიოა. ხასიათდება  ზომიერად ცივი ზამთრით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს, მოსახლეობა შეადგენს 11333-ს.

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია დაბა სურამი, ურთხვა, ბიჯნისი, ზეკოტა, ჩუმათელეთი, დიდი ბეკამი, პატარა ბეკამი, კაკალათხევი, იტრია, ბუღაურა.

სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე ჩანს.  ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია, რაზედაც მეტყველებს აქ მოკვლეული არქეოლოგიური მასალა. სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. მასზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე, რომლის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების არისტოტელეს, პატროკლესა და ერატოსთენეს შრომებში გვხვდება. სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძვ. წ. IV-III საუკუნის მიჯნაზე, ხოლო III საუკუნის ბოლოსათვის მას უკვე მკვეთრად გამოხატული ქალაქური სახე ჰქონდა. სავარაუდოდ, ამავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს სურამის ციხის მშენებლობაც.  ქალაქი სურამი ისტორიულ წყაროებში XII საუკუნიდან მოიხსენება, სურამში ცხოვრობდნენ დიდი ფეოდალები - სურამელები.

XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ცნობით, სურამი და მისი ციხე-სიმაგრე აშენებულია მეფე ფარნაჯომის (ძვ.წ.აღ-ის  II ს-ის  I ნახევარი) მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე. სამწუხაროდ, რომელი წყაროთი სარგებლობდა იგი ამ შემთხვევაში, არ უთითებს. საინტერესო ცნობები ამ თვალსაზრისით მოგვეპოვება უცხოურ საისტორიო წყაროებში, კერძოდ, სპარსულსა და თურქულში, რომლებზე დაყრდნობითაც XVI საუკუნის 10-იანი წლებისათვის სურამში ციხე-სიმაგრე არის და შაჰ-აბასმა იგი შეაკეთა. აქ  ანტიკური ხანიდან უნდა ყოფილიყო თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც სურამის ქალაქად გადაქცევისთანავე აიგო. აქვე უნდა ვივარაუდოთ საბაჟოს არსებობაც.   XI-XII საუკუნეებში ქვეყნის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, ციხე-სიმაგრემ განიცადა გარკვეული სახეცვლილება.  ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში სურამის ციხე XVI-XVII საუკუნეებიდან მოიხსენება და ჩანს, რომ შუა საუკუნეებში ციხეს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და XIX საუკუნის დასაწყისამდე ერთ-ერთ ძლიერ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. იგი კლდოვან კონცხზეა აგებული, მისი კედლები საკმაოდ სქელი და მყარია. „...არს საშუალს ციხე, მეღალ კლდესა ზედა, მტკიცე“ - აღნიშნავს ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი სურამის ციხის შესახებ. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი კი, რომელიც საქართველოში 1672-1673 წლებში იმყოფებოდა, გვიამბობს: „სურამი, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ და მხოლოდ დაბას წარმოადგენს, იგი უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხე-სიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისგან შედგება“.

1625 წელს, გიორგი სააკაძეს, რომელიც ირანის წინააღმდეგ იბრძოდა, თავდასხმის მოლოდინში გაუმაგრებია ისეთი ციხეები, როგორიც იყო სურამი, ალი და კეხვი.

1948 წელს სურამი რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. სურამს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. უნიკალური ბუნებრივი კლიმატი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა სურამს ადვილად მისადგომს ხდის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის. სურამში უამრავი კულტურული ძეგლია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული ტურისტისათვის იქნება საინტერესო. 1996 წლიდან სურამში  რუის-ურბნისის  საეპისკოპოსო რეზიდენციამ დაიდო ბინა, ხოლო 2013 წლიდან აქ სურამისა და ხაშურის საეპისკოპოსო რეზიდენცია განთავსდა.

მაცხოვრის ამაღლების ეკლესია - მიეკუთვნება ფეოდალურ ხანას. ეკლესია დარბაზულია. იგი შემაღლებულ ადგილზეა აშენებული და ამ ადგილს ადგილობრივები კვართისას უძახიან. გადმოცემის თანახმად, როდესაც ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს მაცხოვრის კვართი მოჰქონდათ, მათ გზად სურამი გამოუვლიათ და სწორედ ამ ადგილას დაუსვენებიათ მაცხოვრის კვართი, სწორედ ამიტომაც ეწოდება ამ ადგილს კვართისა. ეს გადმოცემა რეალობასთან ახლოსაა, რადგან სურამში ძველთაგანვე ცხოვრობდნენ ებრაელები, ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომ ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს, რომლებიც ასევე ებრაელები იყვნენ, სურამში შეესვენათ.

 წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - მდებარეობს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის პირას. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. წლების მანძილზე ტაძარი უმოქმედო იყო, მაგრამ 1997 წლის 5 იანვარს ხანგრძლივი დუმილი დაირღვა.  ამ დღეს ტაძრის წმ. ტრაპეზი აკურთხა და ლოცვები აღავლინა მეუფე იობმა, 16 იანვარს კი ტაძარი მოილოცა  სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.  1999-2000 წლებში საკურთხეველი და კანკელი მთლიანად მოიხატა.

სურამის ციხე - მდებარეობს მდინარე სურამულას ნაპირზე, სურამის სამხრეთ ნაწილში. იგი, კომპლექსს წარმოადგენს რომელშიც შედის: გალავანი, ციხე, წმ. გიორგის ეკლესია და სასახლე. ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. ისტორიულ წყაროებში,  როგორც  სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წ,  როდესაც გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან  თავის დასაცავად.

    სურამის ციხის ეზოში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია XI-XII საუკუნეებში. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილი იყო მოხატულობის დაზიანებული ფრესკები: ვედრების კომპოზიცია; მოციქულთა ზიარება; ამაღლება, ლაზარეს აღდგინება; მთავარანგელოზთა ორი ფიგურა, მაგრამ 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა.

   როგორც ყველა ციხეს, სურამის ციხესაც ჰქონდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც გადმოცემის თანახმად მდინარე სურამულას ქვეშ გადიოდა და ამაღლების ეკლესიასთან მთავრდებოდა.

   სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი, რომლის შესახებ დღესაც მღერიან ხალხში. ამ ლეგენდას მიუძღვნა დ. ჭონქაძემ  თავისი ნაწარმოები „სურამის ციხე“, რომელიც მოგვითხრობს სურამის ციხე რომ აშენებულიყო დედისერთა ვაჟი - ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში. ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს  დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი.

   დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი ერთი გადაიღო ივან პეტროსიანმა მეორე კი ცნობილ რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა.

 ურთხვის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი - ეკლესია აგებულია X-XI  საუკუნეებში. ის დარბაზულია, ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრატებით. სამხრეთიდან აქვს შემორჩენილი ქვის კანკელის ორი ფილა ერთ ფილაზე მოციქულთა კურთხევის კომპოზიციაა, მეორეზე გამოსახულია წმ. გიორგის ტრიუმფი დიოკლიტიანეზე. 2002 წელს ურთხვის წმინდა გიორგის ტაძარი ურბნისისა და რუისის ეპისკოპოსმა მეუფე იობმა აკურთხა. აქ დაარსდა მამათა მონასტერი.

    სურამის წმინდა სამების ტაძარი  აშენებულია 1831 წელს ძმები ნებიერიძეების დაკვეთით. ეკლესია დარბაზულია.

 კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია -  მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე. ამ ადგილას სადაც ადრე ტაძარი ყოფილა, კომუნისტებს რესტორანი აუშენებიათ, მაგრამ ნიში  სანთლების დასანთებად ყოველთვის არსებობდა.  ამ ადგილას არ ცხრებოდა ღვთის რისხვა. იყო სისხლისღვრაში გადაზრდილი გამუდმებული ჩხუბი და დავიდარაბა. საბოლოოდ რესტორანი დაიწვა და აშენდა ტაძარი, რომელიც 1998 წელს მეუფე იობმა აკურთხა.

    სურამის სინაგოგა  მდებარეობს დაბა სურამში ე. წ. ებრაელების უბანში. აგების თარიღი უცნობია. დღეისათვის სინაგოგა მოქმედია.

 სურამის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი - ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. ტაძრის აღდგენა დასრულდა 2005 წელს  და გაიხსნა ამავე წლის 17 დეკემბერს.

 სურამის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია - ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ნანგრევები დათარიღებულია გვიანდელი ფეოდალური ხანით.

იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენია თლილი ქვით ეკლესია სამ ნავიანია მონასტერს გარშემო შემოვლებული აქვს გალავანი. დასავლეთით აგებულია სამრეკლო, XVII საუკუნით დათარიღებული. აღმოსავლეთ კედელზე არის მხედრული წარწერა. სამრეკლო აუგიათ ბეჟან ჩხეიძესა და წინამძღვარ ნიკოლოზს. 1997 წელს ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. ამავე წელს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა და აქვე გაიხსნა დედათა მონასტერი.

ლესია უკრაინკას სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმი და ძეგლი - უკრაინელი მწერალი  ქალი ლესია უკრაინკა (ლარისა კოსაჩი) სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ცხოვრობდა სურამში. 1952 წელს იმ სახლში, სადაც მან უკანასკნელი დღეები გაატარა, გაიხსნა ბიბლიოთეკა-მუზეუმი. შენობა ორსართულიანია. ეზოში დგას ლესია უკრაინკას ძეგლი, რომელის ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას მიერაა შესრულებული.

 

     მრავალ ქარტეხილგადავლილი სურამი დღეს ფერფლიდან აღმოცენებული ფენიქსივით ამაყად დგას შუაგულ საქართველოში.

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 39 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე