ალის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი ალი    ხაშურის მუნიციპალიტეტში  მდინარე ჭერათხევის ნაპირებზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე, ხაშურიდან 25 კილომეტრის დაშორებით

ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედის სოფლები: ალი, ახალუბანი, ბრილი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდსიწყარო, მცხეთიჯვარი, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი.

სოფელში დგას: დედაღვთისა,კვირაცხოვლის,ღვთისმშობლის სახელობის უსანეთის ჯანიაურების ეკლესიები.

ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII საუკუნე). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდანნაბახტევისა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII საუკუნეში კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა. დღემდე, ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი საინტერესო მასალა მიგვანიშნებს, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრეანტიკური ხანის ვრცელი დასახლება. ვახუშტი ბატონიშვილი ალს მცირე ქალაქს უწოდებს, მისი ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესახებ შემდეგს აღნიშნავს:

         „ბრილის წყლის შესართავს ზეით არის ალის წყალზედ, დასავლეთით, კლდესა ზედა ალი, ქალაქი მცირე. გაზაფხულ-შემოდგომას ჭყაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულ ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული...“

ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ალი, როგორც ქალაქი წარმოიშვა XI-XII საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობს, რამაც თავის მხრივ მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა, იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც როგორც ჩანს აქ მსახლობელნი სომეხნი და ურიანი აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საქონელი,ქუცნა ამირეჯიბის სიგელის მიხედვით, გაჰქონდათ აქეთ თბილისამდე და იქით ქუთაისამდე. იმაზე, რომ ალი, განვითარებული და გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში მნიშვნელოვან სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობებში იყო ჩაბმული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან, მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში ალის განძის სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აქედან ერთი განძი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი საქართველოს სახელმწიფო და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებშია დაცული.

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 63 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე